პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ს მოუწოდა, გადახედოს გადაწყვეტილებას პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ს მოუწოდა, გადახედოს გადაწყვეტილებას პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ს მოუწოდა, გადახედოს გადაწყვეტილებას პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე.

აბასის ოფისში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მათთვის „სრულიად შოკის მომგვრელი იყო“, რადგანაც ეს ნაბიჯი „საერთაშორისო სამართალსა და გაერო-ს შტაბ-ბინის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს დამკვირვებელი წევრია“.

მაჰმუდ აბასმა აშშ-ს მოუწოდა, გადაწყვეტილებას გადახედოს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ უარი თქვა პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე.

„ბიბისის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეეხება პალესტინის ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასსა და კიდევ 80 პალესტინელ ოფიციალურ პირს, რომელთაც აშშ-ის ვიზები გაუუქმდათ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისინი დაადანაშაულა სამშვიდობო მცდელობებისთვის ხელის შეშლასა და „ჰიპოთეტური პალესტინის სახელმწიფოს ერთპიროვნულ აღიარებაში“. ამასთან, რუბიოს თქმით, ნიუ იორკში გაერო-ს მისიის პალესტინელ წარმომადგენლებს შეხვედრებში მონაწილეობა შეეძლებათ გაერო-ს შტაბ-ბინის შეთანხმების შესაბამისად.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ნაბიჯს მიესალმა.