აშშ-მა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ უარი თქვა პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე
აშშ-მა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ უარი თქვა პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე

აშშ-მა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ უარი თქვა პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, უარი თქვა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციისა და პალესტინის ავტონომიის წევრებისთვის ვიზების გაცემაზე, უკვე მოქმედი ვიზები კი გაააუქმა.

„ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მათ აგონ პასუხი იმ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომლებიც მათ საკუთარ თავზე აიღეს, და რომ ხელს უშლიან მშვიდობის პერსპექტივას“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ ვიდრე პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციისა და პალესტინის ავტონომიის წევრები „მშვიდობის პარტნიორებად“ ჩაითვლებიან, მათ უნდა „მტკიცედ უარყონ ტერორიზმი, მათ შორის, 7 ოქტომბრის მასობრივი მკვლელობები და შეწყვიტონ ტერორიზმის წახალისება განათლების სისტემაში, როგორც ამას ამერიკული კანონმდებლობა მოითხოვს“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის ავტონომიის წევრებმა უნდა შეწყვიტონ „სამშვიდობო მოლაპარაკებების გვერდის ავლის მცდელობები საერთაშორისო სამართლებრივი კამპანიების საშუალებით, მათ შორის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და საერთაშორისო სასამართლოში მიმართვებით, ასევე ცალმხრივი გზით ე.წ. პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მცდელობებით“.

„ორივე ამ ნაბიჯმა არსებითად შეუწყო ხელი „ჰამასის“ უარს ტყვეების გათავისუფლებაზე და ხელი შეუშალა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ღაზაში“, – აცხადებენ ვაშინგტონში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლები გაერო-ში მაინც მიიღებენ სავიზო შეღავათებს გაერო-ს შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.

„შეერთებული შტატები კვლავ ღიაა ურთიერთობის განახლებისთვის იმ შემთხვევაში, თუ პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციისა და პალესტინის ავტონომიის წევრები შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა დაბრუნდნენ კომპრომისისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების კონსტრუქციულ გზაზე ისრაელის სახელმწიფოსთან“, – აცხადებენ ტრამპის ადმინისტრაციაში.