პაკისტანი გაერო-ს მოუწოდებს, ქაშმირში სიტუაციის განმუხტვაში ჩაერთოს. შესაბამისი მიმართვა, რომლის ადრესატი გაერო-ს გენერალური მდივანია, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.
„აუცილებლობა მოითხოვს, თქვენი ყურადღება გავამახვილო რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესებაზე, რაც ინდოეთიდან მომავალი მუქარების შედეგია“, – ნათქვამია პაკისტანელი დიპლომატის მიმართვაში.
შაჰ მაჰმუდ ქურეშის თქმით, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება სიტუაციის დეესაკალაციისთვის, რაშიც გაერო აუცილებლად უნდა ჩაერთოს. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ინდოეთი 14 თებერვალს ქაშმირში მოწყობილ თავდასხმას შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ინდოეთის მიერ კონტროლირებად ჯამუსა და ქაშმირის შტატებში, ინდოელ სამხედროებზე თავდასხმის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. დელი მომხდარში პაკისტანს ადანაშაულებს.