პაატა სალია - დღესვე ვაპირებ „რუსთავი 2“-ში მისვლას და ვიმედოვნებ, თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება
პაატა სალია - დღესვე ვაპირებ „რუსთავი 2“-ში მისვლას და ვიმედოვნებ, თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება

დღესვე ვაპირებ „რუსთავი 2“-ში მისვლას და ვიმედოვნებ, თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება, – ამის შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე. ეს აქტი დარეგისტრირებულია ოფიციალურად. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობაც. ამის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მე დღესვე დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად ვგეგმავ, ცივილურ რეჟიმში დავიწყო ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გაცნობა და პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი.

როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება. მე დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას და ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება“, – წერს პაატა სალია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მითითებული მუხლების დარღვევას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და მისი აღსრულება მოითხოვა. რეესტრმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.

ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა, რაც საჯარო რეესტრმაც დაარეგისტრირა.