პაატა მანჯგალაძე - როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში, მე პირველი გავალ
პაატა მანჯგალაძე - როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში, მე პირველი გავალ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს მხარს არ უჭერს, რადგან ის უკრაინული კანონის კოპირებაა და ქართული რეალობისთვის შეუსაბამოა.

რეკომენდაციებზე საუბრისას პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ როგორც კი აშკარა გახდება, „ქართული ოცნების“ გამო არ აძლევენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს, ადამიანები მაშინვე უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვონ.

„უკრაინული კანონი უკრაინის ვითარებისთვისაა მისადაგებული. უკრაინაში ოლიგარქები ხელისუფლებაში არ არიან, უკრაინაში ხელისუფლებაში თავისუფლებისთვის მებრძოლი ზელენსკია, რომელიც მთავრობას აზღვევს ოლიგარქიის რისკებისგან. საქართველოში ოლიგარქია ხელისუფლებაშია და ქვეყანა უნდა დავაზღვიოთ ოლიგარქიისგან. კანონის კოპირება არ შეიძლება. როცა ხელისუფლებაზე ოლიგარქის გავლენაა და ამ დროს აპირებ სხვა კანონის მიღებას, ეს ევროპულ რეკომენდაციად ვერ ჩაითვლება. დავუშვათ და მე რომ ჩავთვალო რეკომენდაცია შესრულებულად, ევროპელები არ ჩაუთვლიან შესრულებულად, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ოლიგარქიზაციის კანონი კი არ მიიღო, მიიღო ოლიგარქიის განმტკიცების კანონი. უკრაინაში ეს კანონი თავისუფლებისთვის მებრძოლმა ზელენსკიმ მიიღო და საქართველოში ოლიგარქია ხელისუფლებაში. ოლიგარქთან დაკავშირებული პირები პირდაპირ მმართველობას ახორციელებენ. მთავრობაში არც ერთი პირი არ არის, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან არ უმუშავია. მთავრობის წევრებს მარიონეტებს ეძახიან, რადგან რეალური ძალაუფლება აქვს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილი მის თანაშემწედ დარჩა, ირაკლი კობახიძე – ხელის ბიჭად. ევროპაში გაწევრიანებას ივანიშვილს თუ ვანაცვალებთ, საქართველო ვერ განვითარდება.

ახლა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ როგორც კი უკრაინა მიაღწევს წარმატებას და ფაქტია, რომ აღწევს, ხერსონი დაიბრუნა, უკრაინის დეოკუპაცია დაიწყება, საქართველო რას მიიღებს ამ პროცესებისგან? – არაფერს, „ქართული ოცნების“ წევრი დუგლაძე უფრო მეტ არაყს გაიტანს უცხოეთში, ბიძინა ივანიშვილის ძმა გაიტანს მეტ ნივთს და სარგებელს ნახავს. როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში და მე პირველი გავალ, რომ ამაზე პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ისტორიულ შანსს აკარგვინებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.