პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებაში“ წინასწარ ქმნიან ნიადაგს, რომ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ევროპა თურმე მიზანმიმართულად არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს
პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებაში“ წინასწარ ქმნიან ნიადაგს, რომ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ევროპა თურმე მიზანმიმართულად არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს

მინდა, მივმართო წულუკიანს და „ქართული ოცნების“ თაღლითების კორპორაციას, ეგენი უკვე საერთაშორისო თაღლითები არიან და ყველამ იცის, რომ გადამგდებები არიან. იტყუებიან, თითქოს რეკომენდაციას ასრულებენ, ბუტაფორიული ცვლილებები შემოიტანეს და უნდათ, რომ შემდეგ ევროპარლამენტარებს დააბრალონ კანდიდატის სტატუსის ვერმიღება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გამოთქმულ ვარაუდზე, რომ შესაძლოა, ევროპარლამენტის რეზოლუციებმა შექმნას ნოყიერი ნიადაგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქმნის აზრს, რომ ევროპა მიზანმიმართულად არ აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსს.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ კვლევა გავაკეთეთ, როგორც თავის დროზე რუსეთმა იანუკოვიჩს აუკრძალა ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერა, ისევე აკრძალული აქვს „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან გარიგების და საქართველოს ღალატის გამო კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს რუსული გავლენის პირდაპირ შემცირებას, საქართელოს უსაფეთხოებას და იმ კომფორტის და კეთილდღეობის საქართველოს მოქალაქეებამდე მოტანას. ასეთი შეთქმულებაა და წულუკიანი წინასწარ ქმნის ნიადაგს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ევროპა მიზანმიმართულად არ გვაძლევს თურმე კანდიდატის სტატუსს. პირიქითაა, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს, რომ ბუტაფორიული ცვლილებით დააპლიუსოს, თითქოს 12-ვე რეკომენდაცია შეასრულა და ამ დროს ცვლილებებს შინაარსი არ ჰქონდეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი.

„სამართლის აქსიომის რანგში შემოგვთავაზეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და მასზე კანონი ვერ გავრცელდება. სასამართლოსთან დაკავშირებით დაგვცინეს ჩვენც და ევროპარლამენტარებსაც და უთხრეს, რომ სასამართლოს დაუშტრიხავი გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ყოფილა სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა. ანტიკორუფციულ ორგანოზე თქვეს, რომ ღარიბაშვილმა უნდა დანიშნოს მისი ხელმძღვანელი. საარჩევნო საკითხებზეც არანაირი რეალური ცვლილება არ არის და ყველა შემოთავაზებული ცვლილება არის ფიქცია. ჩვენ გაზაფხულზე ვნახავთ წინასწარ შეფასებას და ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ ახდენს ევროინტეგრაციის მიზანმიმართულად ტორპედირებას. „ომის კორპორაციაზე“ საუბრობს ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ რადგან საქართველო ომის მდგომარეობაში არ არის, სტატუსს არ გვაძლევენ. რასაც ამბობს ნარიშკინი, რომ ამერიკა და ევროპა ზღუდავს საქართველოს სუვერენიტეტს, ამას იძახიან ერთი-ერთში და პასუხი როგორ არ უნდა მოვთხოვოთ, როგორ შეიძლება მშვიდად გვეძინოს და ვილაპარაკოთ, რომ „რა უჭირს მერე, მთავარია ომი არ იყოს“, ვინ აპირებს ომს?! – მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.