პაატა მანჯგალაძე - პარტიულ რეიტინგებთან მიმართებით მთავარი პრობლემა ნდობის ნაკლებობაა, ამ მხრივ ყველა ვცოდავთ
პაატა მანჯგალაძე - პარტიულ რეიტინგებთან მიმართებით მთავარი პრობლემა ნდობის ნაკლებობაა, ამ მხრივ ყველა ვცოდავთ

ყველაზე მთავარი, რითიც IRI-ის გამოკითხვის შედეგები მახარებს, არის ის, რომ ევროპული კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა 4-5 პროცენტით გაზრდილია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის გარანტი, რომ ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია.

„ამ რაოდენობის ზრდა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია და საქართველო რუსეთი არასდროს გახდება. ბინძური, აღვირახსნილი, ტოტალური ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, რაც „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა, ვნახეთ, რომ დასავლური კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. ანტიდასავლური პროპაგანდისთვის სპეციალური საპარლამენტო ჯგუფი შექმნეს, რასაც ადრე არასაპარლამენტო, მარგინალური ძალები აკეთებდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური კამპანიისთვის სპეციალური ჯგუფი შექმნა. შედეგი იქნება ის, რომ „ხალხის ძალას“ თანდათან პენსიაზე გაუშვებენ, ხოლო „ქართული ოცნება“ პროდასავლური რიტორიკით საუბარს დაიწყებს. ეს იმიტომ, რომ პროპაგანდამ არ იმუშავა. მათ ხალხის აზრის გაზიარება და პატივისცემა მოუწევთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეხება პარტიულ რეიტინგებს, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიულ რეიტინგებთან მიმართებით მთავარი პრობლემა ნდობის ნაკლებობაა.

„პარტიულ რეიტინგებზე უფრო მნიშვნელოვანი ევროპული კურსის მხარდაჭერაა. პარტიულ რეიტინგებთან მიმართებით მთავარი პრობლემა ნდობის ნაკლებობაა, ამ მხრივ ყველა ვცოდავთ. მთავარი სატკივარი, რაც ხალხს აწუხებს, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი არ არის. წინა პლანზე წამოწეულია საკითხები, რომლებიც ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაინტერესებს. ეს არის მთავარი, რაც უნდობლობას იწვევს. ხალხის პრობლემის მოგვარება მოიტანს რეიტინგს, თუმცა ოპოზიციურ პარტიებს, ჯამში, მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ოპოზიცია ხალხის საჭიროებებზე ვერ რეაგირებს. დისკუსიიდან ხალხის პრობლემები გამქრალია, რაც უნდობლობას იწვევს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. IRI-ს გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი. ამასთან, კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი – „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“-  ერთი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას, ერთ პროცენტზე ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.