პაატა მანჯგალაძე - ნიკა მელიამ ჩემზე თქვა, რომ ხშირად ვარ ტელევიზორში, ხშირად იმიტომ ვარ, მუშაობა არ მეზარება არც მედიასთან და არც მოქალაქეებთან 
პაატა მანჯგალაძე - ნიკა მელიამ ჩემზე თქვა, რომ ხშირად ვარ ტელევიზორში, ხშირად იმიტომ ვარ, მუშაობა არ მეზარება არც მედიასთან და არც მოქალაქეებთან 

ნიკა მელიასი ადამიანურად მესმის, პრაიმერისების დიდი გამოცდილება არ არის და როცა ადამიანი არჩევნებში მარცხდება, პირადი წყენა აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, პირადი წყენები ყველამ გვერდით უნდა გადადოს.

„ყველას ვურჩევთ, რომ პირადი წყენები გვერდით გადავდოთ. ასე იყო 2014 წელსაც, როცა გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია კონკურენტები იყვნენ პრაიმერისის დროს. ჩვენ მელიასთან ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ და კარგი იქნება, თუ მელიაც გადაახტება გაბრაზებას და პირად წყენებს. კარგი იქნება, თუ ნიკა მელია პირად წყენებს დაძლევს. როგორც მოვექცევით მოქალაქეებს, ისე მოგვექცევიან. ამიტომ ამ პროცესში არათუ მოქალაქე, არამედ ყველა ლიდერი მნიშვნელოვანია, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი და ნიკა მელიაც. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ პროცესში რომელიმე ადამიანზე უარი ვთქვათ. ამ პლატფორმაზე ვინმეს ძალით შეყვანას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ხაბეიშვილისა და ვაშაძის ურთიერთობას, რამდენიმე შეხვედრა იყო და გარიგებას ვერ დავადასტურებ. უფრო მეტიც, იმაზე საუბარი, რომ რაღაც არაფორმალური მმართველობა არსებობს და მთავარი ბრძოლის ხაზი საქართველოს გარუსებაზე კი არ გადის, არამედ ქარის წისქვილებს უნდა ვეჩხუბოთ და გოროზია და ივანიშვილი ერთნაირ პრობლემად გამოაცხადო, წარმოუდგენელია. ივანიშვილია „საქართველო ქართველების გარეშე“ სტრატეგიის მთავარი ავტორი, ეს ვიცი და ამ პრობლემის მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ალბათ მელიას ბრალდებებს გოროზია უპასუხებს. ნიკა მელიასი ადამიანურად მესმის, პრაიმერისების დიდი გამოცდილება არ არის და როცა ადამიანი არჩევნებში მარცხდება, პირადი წყენა აქვს. ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები გამოწვეულია პირადი წყენით. პირადი წყენა ისეთია, შეიძლება რაღაც პროცესი სხვაგვარად დაგანახოს – ფიქრობდე, საუკეთესო და შეუცდომელი ხარ, მაგრამ ბოროტი ადამიანი უნდა იპოვო და მას ყველაფერი დააბრალო, ტვირთი ამით გეხსნება. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია და არ მინდა, მელიაზე ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ისაუბრა და თქვა, რომ ხშირად ვარ ტელევიზორში. ხშირად იმიტომ ვარ, რომ მუშაობა არ მეზარება არც მედიასთან და არც მოქალაქეებთან. როგორც ვიცი, მელია არსად წასვლას არ აპირებს. ყველა მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ყოფილი ლიდერები არ არსებობენ და კარგი იქნება, თუ მელია წყენას მალე დაივიწყებს და „გამარჯვების პლატფორმაზე“ იქნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელია შიდაპარტიული არჩევნების ფორმატში დარჩა – აქეთ მელიას გზა და იქეთ „ფულისტების“.

„სინამდვილეში, საქართველოს უფრო დიდი გამოწვევა აქვს, ვიდრე შიდა პრაიმერისები. საქართველო გარუსების წინაშე დგას, რადგან ქართველები გარბიან და მათ ადგილს რუსები იკავებენ.

არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ლევან ხაბეიშვილს ვინმესთვის დაერეკა და კონსულტაცია გაევლო. იქვე ვიღებდით გადაწყვეტილებას. ლევან ხაბეიშვილი პასუხებისთვის წასული არ მინახავს, იქვე იღებს გადაწყვეტილებებს და ამიტომ საფუძველი არ მაქვს, „ნაცმოძრაობაში“ კულუარულ მმართველობაზე ვიფიქრო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკა მელიამ გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი მოკავშირეა.

ამასთან, ნიკა მელიამ გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშაძის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარმა გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გახლიჩა.