პაატა მანჯგალაძე - მანდატებს თუ გაგვიუქმებენ, დაგვრჩება ერთადერთი გზა, კონსტიტუციის ფარგლებში, თუნდაც ქუჩიდან მივაღწიოთ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას
პაატა მანჯგალაძე - მანდატებს თუ გაგვიუქმებენ, დაგვრჩება ერთადერთი გზა, კონსტიტუციის ფარგლებში, თუნდაც ქუჩიდან მივაღწიოთ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას

მანდატებს თუ გაგვიუქმებენ, დაგვრჩება ერთადერთი გზა, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, თუნდაც ქუჩიდან მივაღწიოთ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ გაუუქმებს, ეს იქნება გზავნილი, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისისთვის მზადაა.

მანჯგალაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს მანდატებისთვის არ გვიბრძოლია. მანდატი არის იმ მძიმე რეალობის შეცვლის საშუალება, რომელიც ქვეყანაშია. ჩვენთვის მანდატი არაა თვითმიზანი, ეს ბრძოლის გზაზე ჩვენი საშუალებაა. „ქართული ოცნება“ თუ გადაწყვეტს, რომ ამ მიტაცებული არჩევნების ფონზე მილიონი ადამიანის ნების გამომხატველ ოპოზიციას მანდატები შეუწყვიტოს, ეს პირველ რიგში, ქვეყნისთვის და თავად „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ძალიან ცუდი იქნება. ჩვენ მანდატები და ეს პროცესი იმისთვის გვჭირდება, რომ მხარეებმა კომპრომისის გამონახვა შეძლონ და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განვმუხტოთ. მანდატებს თუ გაგვიუქმებენ, პარლამენტი არ იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება არ იქნება, დაგვრჩება ერთადერთი გზა, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში, თუნდაც ქუჩიდან მივაღწიოთ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას. თუ არ შეგვიწყვეტენ, ეს იქნება გზავნილი კომპრომისისთვის, მოლაპარაკებისთვის და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს მზაობას დიალოგისთვის კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ. პოლიტიკური კრიზისი იმან გამოიწვია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩაატარა. კრიზისის განსამუხტად აუცილებელია კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან. უნდა შევთანხმდეთ მექანიზმზე, როგორ ვატარებთ ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა იქნება „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მისაღები წინადადება, მან უპასუხა: „შეთანხმება გვჭირდება არა რომელიმე პარტიას, რომ მანდატი გვქონდეს, შეთანხმება სჭირდება ქვეყანას, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს“.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიები ოთხპუნქტიანი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე არაფერი სმენია.

„ჩვენგან სხვა პარტიის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია. მე არ მსმენია ასეთ შემთხვევაზე და საერთოდ, არ მიყვარს ამ შეთქმულების თეორიებზე საუბარი“, – აღნიშნა მან.

დატოვე კომენტარი