პაატა მანჯგალაძე - ევროპა საქართველოსგან რეალურ რეფორმებს ითხოვს და არა ბუტაფორიულ ცვლილებებს
პაატა მანჯგალაძე - ევროპა საქართველოსგან რეალურ რეფორმებს ითხოვს და არა ბუტაფორიულ ცვლილებებს

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპა საქართველოსგან რეალურ რეფორმებს ითხოვს და არა ბუტაფორიულ ცვლილებებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მიმართ არანაირი კონსპირაცია და შეთქმულება არ აქვთ, პირიქით, გაფართოებების პროცედურას ამარტივებენ, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ არათუ მხოლოდ სტატუსი მიიღონ, არამედ ევროკავშირის წევრი გახდნენ. მთავარია, რომ ევროპული კარი ღიაა და ისინი გველოდებიან. ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რაშიც რეფორმები იგულისხმება.

ამის სანაცვლოდ რას ვხედავთ? დეოლიგარქიზაციაზე არის სხვადასხვა პოზიცია. შალვა პაპუაშვილის ადგილზე კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გავაგზავნიდით. შენიშვნებია სასამართლოზეც, ანტიკორუფციულ ბიუროზე. ამ ცვლილებებს შენიშვნების გათვალისწინებით მივიღებდი და ყველანაირი გაუგებრობა ამოიწურებოდა. „ქართული ოცნება“ ამას კი არ აკეთებს, მიზეზებს ეძებს, როგორ არ შეასრულოს რეკომენდაციები“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომელიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და სამივე ქვეყანას რეფორმების გზაზე წინსვლისკენ მოუწოდებს.