პაატა მანჯგალაძე და სერგო ჩიხლაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პაატა მანჯგალაძე და სერგო ჩიხლაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები პაატა მანჯგალაძე და სერგო ჩიხლაძე განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც შვიდ ძირითად განსხვავებას ასახელებენ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებულ ვერსიასა და „მოქალაქეებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის მემორანდუმს შორის.

განცხადების მიხედვით, აღნიშნულ ტექსტებს შორის შემდეგი განსხვავებებია:

1. ოპოზიციის შეთანხმებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის ვადამდელი, ტარდება სრულად პროპორციული სისტემით, სტანდარტული ოთხი წლის ვადით.

„მოქალაქეების“ ვერსიაში ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, შესაბამისად რჩება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არსებული წესი (120/30-ზე).

2. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ნებისმიერი მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს ფორმირება ეფუძნება პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების ოთხი ერთთან თანაფარდობას.

„მოქალაქეების“ ვერსიით, მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იქნება არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ.

3. ოპოზიციის მემორანდუმში გათვალისწინებულია ყველა დონის კომისიაში რვა საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ კომისიის წევრების დანიშვნა, სრული უფლებამოსილებით;

„მოქალაქეების“ ვერსიაში განსაკუთრებით საგანგაშოა პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრების უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა, პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრები მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობენ, რაც დღევანდელ მდგომარეობასთან მიმართებაშიც კი არსებითი გაუარესებაა.

ამასთან „მოქალაქეების“ დოკუმენტი ითვალისწინებს კომისიის წევრების წარდგენას მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების მხრიდან და არა არჩევნების შედეგების მიხედვით წევრების წარდგენის უფლებას.

4. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისია შედგება 12–დან 15–მდე წევრისგან. კომისიის რვა წევრს ნიშნავს რვა საუკეთესო შედეგის პოლიტიკური პარტია, ბოლო არჩევნების შედეგების საფუძველზე, პარიტეტული პრინციპით. ცესკო-ს პროფესიულ წევრებს 4-7-მდე ნიშნავს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან.

„მოქალაქეების“ მემორანდუმით ცესკო-ს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ შვიდი და არაუმეტეს 11 წევრით.

5. ოპოზიციის მემორანდუმში სავალდებულოდაა გათვალისწინებული ყველა უბანზე ერთი მაღალი რეზოლუციის კამერის დამონტაჟება, პირდაპირი სტრიმინგით, რომელიც კენჭისყრის პროცესში დაფარავს საარჩევნო ყუთს, ხოლო დათვლის დროს დათვლის მაგიდას. დათვლის პროცესში თითოეული ბიულეტენი უნდა ჩანდეს კამერაზე. დაუშვებელია კამერის განთავსება კენჭისყრის კაბინების დასაფარად ან ამომრჩეველთა სახის გადაღება.

„მოქალაქეების“ ვერსიით, ეს საკითხი სავალდებულო არ არის და საარჩევნო უბნების კამერებით მხოლოდ „შეძლებისდაგვარად“ უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამასთან, არ არის დეტალურად გაწერილი პროცედურა, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეს დაინერგება.

6. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ცესკო-მ უნდა გაასაჯაროოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი უბნის ოქმები შესწორდა, რა მიზეზით და რის საფუძველზე.

„მოქალაქეების“ ვერსიაში არაფერია ნათქვამი ცესკო-ს ამ ვალდებულებაზე.

7. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ პარტიების წარმომადგენლების საარჩევნო უბნებიდან გაძევება მოხდება კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით და სულ მცირე ორი პარტიის მხარდაჭერით.

„მოქალაქეების“ ვერსიაში არაფერია ნათქვამი ამ საკითხზე, რაც ნიშნავს, რომ კვლავ ერთპიროვნულად კომისიის თავმჯდომარეს ექნება გაძევების უფლება;

სამი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსახილველ საკითხთა შორის იყო, საერთოდ არ არის მოხსენიებული „მოქალაქეებთან“ გაფორმებულ მემორანდუმში:

1. გიორგი რურუას განთავისუფლების საკითხი;

2. ცესკო-ს წევრების/ცესკო-ს თავმჯდომარის შეცვლის საკითხი;

3. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი“, – ნათქვამია პაატა მანჯგალაძის და სერგო ჩიხლაძის მიერ გავრცელებულ ტექსტში.