პაატა მანჯგალაძე - ჩვენ  რეფერენდუმი არ უნდა ჩავატაროთ არა სააკაშვილის ჩამოსვლაზე, არამედ „ქართული ოცნების“ შეცვლაზე
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ რეფერენდუმი არ უნდა ჩავატაროთ არა სააკაშვილის ჩამოსვლაზე, არამედ „ქართული ოცნების“ შეცვლაზე

ვფიქრობ, შეიძლება, საარჩევნო მიზნებისთვის სწორი არ იყოს მიხეილ სააკაშვილის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ვისაც „ქართული ოცნება“ არ მოსწონს, ის ადამიანი ბევრად მეტია ქვეყანაში, ვიდრე ვისაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მოეწონებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს  „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება, თუმცა როდის ჩამოვა, ამას ვერავინ განსაზღვრავს.

„ეს მისი გადასაწყვეტია, შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩამოვიდეს. ჩვენ არ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი იმის თაობაზე, სააკაშვილის ჩამოსვლა ვის უნდა. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს „ქართული ოცნების“ შეცვლაზე. ფართო ელექტორალური კოალიცია გვჭირდება „ქართული ოცნების“ ცვლილებისთვის და როცა სააკაშვილზე იწყება საუბარი, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობით“ ვიფარგლებით, ეს სტრატეგიული შეცდომაა, რითაც „ქართული ოცნება“ სარგებლობს. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისგან მტრის ხატს ქმნის და საარჩევნოდ ასეთი ჰიპოთეტური საფრთხეებით სარგებლობს, მათ ამ ნარატივის შექმნაში სააკაშვილის განცხადება ეხმარება”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ვალდებულებას, რომელიც ერისა და ისტორიის წინაშე აიღო, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, სახალხო რეფერენდუმის წინ შესარულებს.

„ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.