პაატა მანჯგალაძე - არც ერთი ჩვენი საკითხი თუ არ განიხილეს, მაშინ არგუმენტიც არ არსებობს, რატომ შეიძლება, ვიყოთ პარლამენტში
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარლამენტში მათი არც ერთი საკითხი თუ არ განიხილეს, ამ შემთხვევაში, არ არსებობს არგუმენტი, რატომ უნდა იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში.
როგორც მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილებას ჯგუფთან ერთად მიიღებს.
„ჩვენი არც ერთი საკითხი თუ არ განიხილეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მაშინ არგუმენტიც არ არის, პარლამენტში რატომ შეიძლება ვიყოთ. პრორუსებთან ჯდომასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ეს გიორგი ვაშაძეს ჰკითხოთ. პარტიულ დონეზე ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენი სტრატეგიაა, რომ კანდიდატის სტატუსისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. როცა ვნახავთ, რომ ეს მაქსიმუმიც არაფერს ნიშნავს, შემდეგ შეიძლება, სხვა ვიფიქროთ. პარლამენტის დატოვებაზე გადაწყვეტილებას ჯგუფთან ერთად მივიღებ. ინდივიდუალურად პაატა მანჯგალაძე შევიდა თუ არა პარლამენტში, ეს პროცესში არსებით გარდატეხას ვერ შეიტანს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად. ვაშაძის თქმით, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან მისივე თქმით, „აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა“.