პაატა მანჯგალაძე - ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ფასადად ყოფნა თუ გადაწყვიტა, მისი არჩევანია, ეს პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხს ვერ გაზრდის
პაატა მანჯგალაძე - ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ფასადად ყოფნა თუ გადაწყვიტა, მისი არჩევანია, ეს პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხს ვერ გაზრდის

ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ ფასადად ყოფნა თუ გადაწყვიტა, მისი არჩევანია, ეს პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხს ვერ გაზრდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარტია „მოქალაქეების“ წევრების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, რომლებიც აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.

„ის, რაც დღეს ხდება პარლამენტში, რომ ცალკეული ინიციატივით, კონკრეტულ პარტია ხვდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, არ წაადგება საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით აქამდეც. ადრე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რომ გამოჩენილიყო ცალკეული ინიციატივები, ვერ მივიღებდით იმ შედეგს, რაც მივიღეთ.

თუ ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, „ქართული ოცნების“ ფასადად ყოფნა, ეს მისი არჩევანია. მისი პარლამენტში შესვლა ვერ გაზრდის პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხს. ძირითადი ოპოზიცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე და ველოდებით მეხუთე რაუნდს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიტანოს პასუხი იმ წინადადებებზე, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული აქციების გამართვა.

„რაც შეეხება გეგმებს, კონსტიტუციით დადგენილი ნებისმიერი ფორმა, რომელიც არის მისაღები და რასაც გადაწყვეტს საზოგადოება, ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით. მათ შორის არ გამოვრიცხავთ აქციებსაც. თუ გადავხედავთ მსოფლიო ისტორიას, თუ რამე მიუღწევია საზოგადოებას, მიუღწევია ქუჩის აქციებით, რომელიც არის ადამიანის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება.

ოპოზიციის შიგნით გარკვეული კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს. საჯაროდ შეხვედრის თარიღი ამ დღეებში დაზუსტდება და შევთანხმდებით ზუსტად სამოქმედო გეგმებზე. აქ სკამებსა და ძალაუფლებაზე არაა საუბარი, აქ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზებზეა საუბარი. პარლამენტი და სკამი რომ გვინდოდეს, ელისაშვილს როგორმე მოვასწრებდით იქ მისვლას“, – განაცხდა პაატა მანჯგალაძემ.