ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ შეხვედრა არჩილ თალაკვაძემ შესთავაზა
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ შეხვედრა არჩილ თალაკვაძემ შესთავაზა

გუშინ ვთქვით, რომ გვაქვს მზაობა, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“, გუშინვე დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე და მითხრა, რომ სურვილის შემთხვევაში მე და ლევან იოსელიანი დღეს მოვსულიყავით, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ის და ლევან იოსელიანი სავარაუდოდ არჩილ თალაკვაძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან.

„დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, რომ გვაქვს მზაობა, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, მათაც დაადასტურეს გუშინ ეს მზაობა. მას შემდეგ, საღამოს დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. მითხრა, რომ სურვილის შემთხვევაში, დღეს 11:00 საათზე მოვსულიყავით მე და ლევან იოსელიანი. სურვილი ისევ დავადასტურეთ, მოვედით. რამდენადაც ვიცი, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან გვექნება მე და ლევან იოსელიანს შეხვედრა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, აინტერესებს, რამდენად აქვს სერიოზული მზაობა „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ოთხი მოთხოვნა რაც იყო, მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში, ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად აქვს სერიოზული მზაობა „ქართულ ოცნებას“, ეს გვაინტერესებს. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე არ ვაპირებთ ჩვენ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით იცით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება. ოთხიდან სამი არის ჩვენთვის პრიორიტეტი. დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა. ჩვენ ასე ვფიქრობთ. ჯერ გავიგებთ, მზაობა არის თუ არა. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

კითხვაზე, დანარჩენ ოპოზიციასთან როგორ გაგრძელდება მისი ურთიერთობა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მათთან ურთიერთობის გაგრძელებას.

„არ ვაპირებთ დანარჩენ ოპოზიციასთან ურთიერთობის გაგრძელებას, კინკლაობას. ვინმეს თუ ექნება სურვილი, იციან ჩვენი ოფისი და მოვიდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაასრულეს და მზად არიან, საჯაროდ შეხვდნენ „ქართულ ოცნებას“ და კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე ისაუბრონ.