პაატა მანჯგალაძე - ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები არ არის ნატო-ს და ევროპის პრაქტიკა, ეს უნდა შეაჩეროს პრეზიდენტმა
პაატა მანჯგალაძე - ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები არ არის ნატო-ს და ევროპის პრაქტიკა, ეს უნდა შეაჩეროს პრეზიდენტმა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თემაზე ისაუბრებენ.

მისივე თქმით, სურთ, ყველას დაანახონ, რომ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები მიუღებელია.

„როგორც ვიცი, შეხვედრაზე ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებზე იქნება საუბარი. ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც სამი მოსმენით მიღებულია, არ არის ნატო-ს და ევროპის პრაქტიკა, როცა სამოქალაქო აქტივისტებს რეპრესიული მეთოდებით აჩერებენ, ეს არის ბელარუსის და რუსეთის პრაქტიკა. გვინდა, ნათლად ავუხსნათ ყველას, რომ ეს პრაქტიკა არ არის გზა ევროპისკენ, ეს არის ავტოკრატიისკენ გზა და ეს უნდა შეაჩეროს პრეზიდენტმა. ასე გაგრძელება, რომ სამოქალაქო აქტივისტებს რეპრესიული, დამსჯელი მექანიზმებით შევაჩერებთ, არის უსამართლო და არ არის ევროპული პრაქტიკა. ამაზე ჩვენ ვეტყვით პრეზიდენტს ჩვენსავე პოზიციას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე შესაძლოა, სხვა საკითხებზეც ისაუბრონ, მათ შორის ამნისტიასთან დაკავშირებით.

„მგონი, ყველა თემაზე იქნება საუბარი. ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ არ ვეთანხმებოდით ამ კანონპროექტს, მგონი, დაინტერესდა პრეზიდენტი. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან.

ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივლენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე.

შეხვედრები ორბელიანების სასახლეში ინდივიდუალურ რეჟიმში გაიმართება.