პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ვიქტორ სანიკიძეა #1TVSPORT
11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებია დანიშნული. განაცხადი ორმა პრეტენდენტმა შეიტანა – პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ.
მათ 8 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
შეხვედრაზე პაატა გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.
„კალათბურთის ოჯახი ერთიანია, ერთ მუშტად შეკრული. ყველას მიზანია, სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო უკეთესი და წარმატებული იყოს. სწორედ ამ გუნდის წევრები ვართ მე და სანიკიძე.
მე და ვიქტორ სანიკიძე დავსხედით და გადავწყვიტეთ, მომავალ არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე.
ჩემთვის რომელიმე თანამდებობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ამ ადამიანთან ვრჩები და ძალებს არ დავიშურებ, რომ კალათბურთი კიდევ უფრო წარმატებული იყოს“.
ვიქტორ სანიკიძე:
„მადლობა სახელმწიფოს მთავრობას, რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა აღგვითქვა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და საერთო საქმეები უნდა გავაკეთოთ – პირველ რიგში, მოახლოებული ევრობასკეტი სამაგალითოდ ჩავატაროთ“.
შეგახსენებთ, საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში.