პაატა გურასპაული - არანაირი დაპირისპირება არაა, ასეთი ერთიანი კალათბურთის სამყარო არასოდეს ყოფილა #1TVSPORT
კალათბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ვიქტორ სანიკიძესთან დაძაბულობა ან კონფლიქტი ჰქონდა.
„სად ხედავთ კონფლიქტს? ჩვენ ერთობლივად ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც კალათბურთს წაადგება. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. კალათბურთი ერთიანი ოჯახია და მერწმუნეთ, ასეთი ერთიანობა კალათბურთში არასოდეს ყოფილა. დიახ, არჩევნებამდე თეა წულუკიანთან ერთად შევხდი ვიქტორ სანიკიძეს, მაგრამ ეს შეხვედრები მანამდეც გვქონდა და საერთო აზრზე შევჯერდით. ასე რომ, კალათბურთის საკეთილდღეოდ მუშაობას ერთად გავაგრძელებთ“, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. თავდაპირველად ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – პაატა გურასპაული და ვიქტორ სანიკიძე. თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორმა კანდიდატმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა, სადაც გაირკვა, რომ პაატა გურასპაული კანდიდატურას მოხსნიდა და არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნებოდა. ყრილობაზე 39 დელეგატიდან ყველა უკლებლივ გამოცხადდა და სანიკიძემ ხმების 100 პროცენტი მიიღო.