ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - ძალიან მინდა, რომ მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა ითამაშონ დიდი კალათბურთი და მოხვდნენ NBA-ში #1TVSPORT
ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - ძალიან მინდა, რომ მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა ითამაშონ დიდი კალათბურთი და მოხვდნენ NBA-ში #1TVSPORT

29 ივლისს NBA-ის 2021 წლის დრაფტი გაიმართება, სადაც სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი მიიღებენ მონაწილეობას. პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული იყო მიწვეული, რომელმაც ქართველი კალათბურთელების შანსებზე ილაპარაკა.

„საქართველოს გულშემატკივრების სახელით მინდა ორივე გავამხნევო და ვუთხრა, რომ ღმერთმა ქნას ისინი აირჩიონ NBA-ის დრაფტზე. მამუკელაშვილი, რომელიც არის საქართველოს ნაკრების წევრი და ბეჟანიშვილი, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა. ძალიან მინდა, რომ ორივემ ითამაშოს დიდი კალათბურთი და მოხვდნენ NBA-ში. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. კარგი იქნებოდა, რომ მათი გუნდები უფრო წინ წასულიყვნენ „მარტის სიგიჟეში“, მაგრამ რაც მოხდა მოხდა და მაინც დავიტოვოთ იმედი, რომ ის ყველაფერი, რაც მათ წინა სეზონში შეძლეს, საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ჩვენი ბიჭები აირჩიონ დრაფტზე. თუ არადა ამითაც ნუ შევქმნით ტრაგედიას, მათ ყველაფერი წინ აქვთ.“

პაატა გურასპაულმა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალზეც ისაუბრა. ის „ფინიქს სანსს“ გულშემატკივრობს, მაგრამ ფიქრობს რომ „მილუოკი“ მე-6 თამაშში სერიას დაამთავრებს.

ფინიქსს“ ექნება შესაძლებლობა, რომ დააბრუნოს სიხარული, ინტრიგა და საკუთარი მოედნის უპირატესობა, თუმცა ეს იქნება ურთულესი. წარმოიდგინეთ „მილუოკი“, ერთ ნაბიჯშია ტიტულთან და სახლში გამარჯვების შემთხვევაში, იგი ხდება NBA-ის ჩემპიონი. იქ არამარტო ანტეტოკუნმპოა, იქ მთელი გუნდია ძალიან ძლიერი. ვისურვებდი, რომ „სანსმა“ ერთგვარი სასწაული შემოგვთავაზოს, რადგან კრის პოლი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე და მინდა რომ გახდეს ჩემპიონი. ვიტოვებ იმედს, მაგრამ მგონია, რომ მე-6 მატჩი იქნება საბოლოო.“

ფედერაციის პრეზიდენტმა ტოკიო 2020-ზეც ილაპარაკა.

„ბოლო პერიოდში თითქოს ამერიკელებმა გაიღვიძეს, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში წაგებები და ისიც, რომ დღეს მთელი მატჩის განმავლობაში აგებდნენ ესპანელებთან, არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩემპიონი პოპოვიჩის გუნდი გახდება, თუმცა პირველი ფავორიტია.“