ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მცირე ინციდენტი მოხდა
ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მცირე ინციდენტი მოხდა

„სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა ჩოხატაურის შემდეგ ოზურგეთში გადაინაცვლეს. მათ ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული, სტიკერები „მაჟორიტარი ფეოდალია“ გააკრეს.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ ქმედების მიზანი თალაკვაძის არაეფექტური მუშაობის მხილებაა.

ადმინისტრაციული შენობის კარზე გაკრული სტიკერების მოხსნას შეეცადა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რისი საშუალებაც მათ ,,სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა არ მისცეს.

ინციდენტი მალევე განიმუხტა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მანამდე „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლები ჩოხატაურში იმყოფებოდნენ. ჩოხატაურის ბაზარში ,,სამოქალაქო მოძრაობის” წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.