ოთარ ყაველაშვილი - ვიცნობდით დავით კირკიტაძეს და გვინდოდა, პირადად გვეთქვა, რომ რუსთავს ასეთი მერი არ სჭირდება, რამაც გამოიწვია პროტესტი, ჩვენ არავისთვის დაგვირტყამს, კირკიტაძემ დაიწყო ყველაფერი
ოთარ ყაველაშვილი - ვიცნობდით დავით კირკიტაძეს და გვინდოდა, პირადად გვეთქვა, რომ რუსთავს ასეთი მერი არ სჭირდება, რამაც გამოიწვია პროტესტი, ჩვენ არავისთვის დაგვირტყამს, კირკიტაძემ დაიწყო ყველაფერი

რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ოთარ ყაველაშვილი აცხადებს, რომ მას და მასთან ერთად მყოფ პირებს სურდათ, დავით კირკიტაძისთვის პირადად ეთქვათ, რომ რუსთავს ასეთი მერი არ სჭირდება.

ოთარ ყაველაშვილმა მედიასთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„ჩვენ ვიცნობდით დავით კირკიტაძეს და გვინდოდა, მისთვის პირადად გვეთქვა, რომ რუსთავს არ ჭირდება ასეთი მერი. ამან გამოიწვია პროტესტი, არ მოეწონა ჩვენი ასეთი ქმედება. შემდეგ ვიღაცები ჩაერთნენ „ნაციონალების“ მხრიდან, თვითონ არ გამოვიდა გარეთ. შემდეგ გამოვიდა, ტელეფონს აჩვენებს ჩემთან ერთად მყოფ ვასო ბალახაძეს, აი, ვინ ხარ შენო. გვაჩვენა ბურჯანაძესთან ერთად გადაღებული სურათი. მე ვუთხარი, რა მოხდა მერე-თქო, პასუხი ვერ მივიღე, ადგა და პირდაპირ ვასოს ფეხი დაარტყა.

მეორე წიხლი მე მომხვდა. მე ვიყავი 2009 წელს დაზარალებული, დამიჭირეს პოლიტიკური ნიშნით. თავიდან ვერ გავიაზრე, ვისი ფეხი მომხვდა. მერე დავინახე, რომ კირკიტაძე იყო. პოლიციიდან გუშინ წავედი საავადმყოფოში. სერგო ხარანაულს ვინ მიაყენა დაზიანებები, ვერ გეტყვით, ვერც შავლეგის, არ დამინახავს“, – განაცხადა ოთარ ყაველაშვილმა.

ოთარ ყაველაშვილი ამბობს, რომ ინციდენტისას არც მას და არც მასთან ერთად მყოფებს არავისთვის დაურტყამთ.

„ჩვენ ოთხი მივედით, ჩვენი დევიზი იყო, რომ რომც გაველახეთ, ხელი დაერტყათ, მაინც არ გავიწევდით. ვიცოდით, კირკიტაძე რა პიროვნებაც, რისი გამკეთებელიც იყო, მაგრამ ჩვენ ჩვენი სათქმელი უნდა გვეთქვა. ჩემთან ერთად ვინც იყო, არავის არავისთვის დაურტყამს ხელი, კირკიტაძემ დაიწყო ყველაფერი და მერე ვინ ვის ეჩხუბა, არ ვიცი“, – აღნიშნა ოთარ ყაველაშვილმა.

რუსთავში გუშინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძეც მონაწილეობდა.