ოთარ ქორქია - ნაოპერაციები ნოდარ ჯორჯიკია ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად წამოხტა და თამაშში ჩაერთო [ვიდეო] #1TVSPORT

15 ნოემბერს ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის ნოდარ ჯორჯიკიას დაბადებიდან 100 წელი გავიდა. იგი 1921 წლის 15 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა. ნოდარ ჯორჯიკია გახლდათ ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1952), ევროპის ჩემპიონი (1947), საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1944, 46, 50, 53, 54), ჰელსინკის ოლიმპიადის კალათბურთელთა სიმბოლური ხუთეულის ნაკრების წევრი.

ჟურნალისტ ვაჟა დანელიას ნარკვევში ნოდარ ჯორჯიკიას მისი მეგობარი ოთარ ქორქია ასე ახასიათებს:

„სპორტსაზოგადოება „დინამოს“ საკავშირო პირველობაზე მოსკოველ თანაკლუბელებს ვხვდებოდით. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტენდენციური მსაჯობის გამო, მოედანზე სამნი დავრჩით. დამარცხება გარდაუვალი იყო. სათადარიგო სკამზე ნოდარ ჯორჯიკია იჯდა, სულ ახალი გაკეთებული ჰქონდა ბრმა ნაწლავის ოპერაცია. მოულოდნელად იგი წამოხტა და გახდა დაიწყო. გუნდის ექიმისა და მწვრთნელის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გამოვიდა მოედანზე და… მატჩი მოგვაგებინა. თამაშის შემდეგ გასახდელში ყველამ დავინახეთ, ნაოპერაციევი გახსნოდა და სისხლი ჟონავდა“.

1947 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ჯორჯიკიას სსრ კავშირის ნაკრებში აღარ იწვევდნენ. მიზეზზე თავად ისაუბრა:

„პრაღაში ნაკრების ხელმძღვანელობასთან უსიამოვნება მომიხდა – სურენ სპანდარიანმა დედა შემაგინა და ხელი გავარტყი, რის გამოც საბჭოეთის მთავარ გუნდში აღარ მიწვევდნენ. ძალიან განვიცდიდი, ეტყობა, მამამ შეამჩნია და ჩემგან მალულად წერილი გაუგზავნია შინაგან საქმეთა სამინისტროში… თუ ეს ბავშვი დასაჭერია, დაიჭირეთ, თუ არა და, ნაკრებში რატომ არ ათამაშებთო. მოსკოვში დამიბარეს ბერიასთან. რა მოხდაო, მკითხა ლავრენტიმ. მეც ყველაფერი დაუფარავად ვუამბე. მართალი ხარ, წადიო, მითხრა. ადიუტანტს დაუძახა – სტადიონზე წაიყვანეო. ჭიშკართან რომ მივედით, მაშინდელი საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარე რომანოვი ფერწასული მოვარდა. რომ გაიგო რაში იყო საქმე, შვებით ამოისუნთქა… 1951 წელს ისევ დამაბრუნეს ნაკრებში“.

თბილისის „დინამო“

კალათბურთის ცნობილი სპეციალისტი ალექსანდრ გომელსკი წიგნში „მუდმივი გამოცდა“ ნოდარ ჯორჯიკიაზე წერს:

„საბჭოთა კალათბურთში ნოდარ ჯორჯიკია ფრიად გამოკვეთილი ფიგურაა. ის თამაშობდა აზარტულად, სიამოვნებით და მიმზიდველად. შეუძლებელი იყო ნოდარის მორიგი სვლის გამოცნობა. მისი მეკარისებური აკრობატული ნახტომები ყველას ანცვიფრებდა. მცველის უნიკალური თვისებების მქონე, ყოველთვის მეტოქეთა ყველაზე საშიშ თავდამსხმელებს მეურვეობდა… გადამწყვეტ მატჩში მას არაერთხელ აუღია საკუთარ თავზე თამაშის წარმართვა და გადაურჩენია თავისი გუნდი“.

ევროპის ჩემპიონსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონს კარიერის ღირსეული დასასრული ჰქონდა:

„დინამოდან“ ჩემი ნებით წამოვედი 1957 წელს. ამ დროს „დინამოში“ გამოჩნდა ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელი გურამ მინაშვილი. მე მასში ღირსეული შემცვლელი დავინახე და არ ვისურვე ჩემი ავტორიტეტით მისი წინსვლა შემეფერხებინა“.