ოთარ კიტეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრო 2024-ისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრო 2024-ისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ #1TVSPORT

გრაცის „შტურმის“ ნახევამცველმა, ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ნაკრების ავსტრიულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ხაზი გაუსვა, რომ ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია და ეს ევრო 2024-ზე წარმატებული გამოსვლის წინაპირობა გახდება.

„განწყობა იდეალურია. სასიამოვნოა, რომ ასეთი ტურნირზე მოსამზადებლად ვიკრიბებით. ის სიხარული, რომელიც 26 მარტიდან მოყოლებული გვქონდა, თითქოს გაცივდა, მაგრამ ერთმანეთის დანახვით და შეკრებით ისევ განგვიახლდა.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ და თამაშებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. მანამდე ერთი ამხანაგური მატჩიც გვაქვს და იმედია, ევროპის ჩემპიონატს ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად კარგად მომზადებული და ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება. მანამდე გუნდი 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.