ოთარ კახიძე - ვანო მერაბიშვილს ჰოსპიტალში სრულფასოვანი გამოკვლევა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით უნდა ჩაუტარდეს
ოთარ კახიძე - ვანო მერაბიშვილს ჰოსპიტალში სრულფასოვანი გამოკვლევა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით უნდა ჩაუტარდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერსა და შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ჰოსპიტალში სრულფასოვანი გამოკვლევა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით უნდა ჩაუტარდეს.

„ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ვანო მერაბიშვილს ზუსტ დიაგნოზს ვერ უსვამენ. საუბარია გარეგნულ კლინიკური ნიშნებზე და არ ვიცით დაავადების გამომწვევი ნიშნები. მას სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა სჭირდება და არა ციხის პირობებში რაღაც მკურნალობის ჩატარება. სამოქალაქო ჰოსპიტალში მას უნდა ჩაუტარდეს სრულფასოვანი გამოკვლევა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. გათავისუფლების საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან კავშირში არ არის. მას კანონით ეკუთვნის ვადაზე ადრე გათავისუფლება, თუმცა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ ათავისუფლებენ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. „ავერსის“ კლინიკის დირექტორის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.