„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სასამართლოს სისტემის ძირეული რეფორმაა დასაწყები. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, „ევროპულ საქართველოს“ წინადადებების კონკრეტული პაკეტი აქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.
„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ ლევან მურუსიძე მოსამართლედ უვადოდ დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება მიიღო არა მხოლოდ სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას ივანიშვილის დაქვემდებარებაში ამყოფებს, არამედ მათთან ერთად მურუსიძის უვადოდ დანიშვნას ხმა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა წევრებმა – ხარებავამ, გზირიშვილმა და ქადაგიძემ მისცეს.
ესენი ის პირები არიან, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტმა და „ქართულმა ოცნებამ“ განაწესა. მინდა, „ქართულ ოცნებას“ მივმართო, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაიაზრონ. ალიანსი, რომელიც მათ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გააფორმეს, საზოგადოებას რაღაც კოსმეტიკურ გადაწყვეტილებებს კი ნუ სთავაზობს, რომ მოსამართლეთა სიის დამტკიცება დროებით საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო და რაღაც პროცედურები უნდა გაიწეროს. პროცედურები კი არა, სასამართლოს სისტემის ძირეული რეფორმაა დასაწყები. ეს კონტრაქტი უნდა გაუქმდეს, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოს დასაქვემდებარებლად გააფორმა და ნაბიჯების გადადგმა რეალურად უნდა დაიწყოს, რომ ჩვენს საზოგადოებას ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა ეღირსოს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, მირუსიძის განწესება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტრნაბიჯი იყო, რაც პარლამენტში მოსამართლეთა სიის გადადებას მოჰყვა.
„ევროპულ საქართველოს“ წინადადებების კონკრეტული პაკეტი აქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ჩამოყალიბება, ჩვენ აუცილებლად სპეციალისტები და ყოფილი მოსამართლეები უნდა მოვიწვიოთ დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებიდან და იმ ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ, რომელიც აუცილებელია. ის ტენდენცია, რომელიც ახლა გვაქვს თუ ასე გაგრძელდა ჩვენ გამოუსწორებელ მდგომარეობას მივიღებთ. უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა ისეთ კორპუსს მივიღებთ, რომლებიც სასამართლოში მდგომარეობას დღითიდღე გააუარესებენ. ეს არის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლების მორჩილი იყო, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში. ეს არის ჯგუფი, რომელმაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების იდეა პრაქტიკულად დაასამარა“, – აცხადებს ოთარ კახიძე.