ოთარ კახიძე - საქართველოს პრეზიდენტად მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ
ოთარ კახიძე - საქართველოს პრეზიდენტად მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, მეორე შემთხვევაა, როცა შეწყალებაზე საუბრისას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი ხელს სხვა მიმართულებით იშვერს.

ჟურნალისტებთან საუბარში ოთარ კახიძე პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი შეწყალებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და მოძალადეები და ნარკორეალიზატორები გარეთ არ უნდა გამოუშვას.

“ნარკორეალიზატორის შეწყალების ფაქტი გვახსოვს, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფიგურირებენ, ახლა უკვე მთავრობისკენ იშვერს ხელს. მთავარია, რომ პრეზიდენტი შეწყალებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და გარეთ მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ გამოუშვას, თუ მნიშვნელოვანი საგამონაკლისო ვითარება არ არის. შეწყალების უფლების გამოყენებას ის დააზღვევს, რომ საქართველოს პრეზიდენტად მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირი ავირჩიოთ. ეს არჩევნები წელს იქნება”, – დასძინა კახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

ამასთან, პრეზიდენტმა კომისიის მიერ შეწყალების საფუძვლად გამოყენებულ დოკუმენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვეფხია ბაქრაძის საქმეს შეწყალების კომისიაში თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება.

ვეფხია ბაქრაძეს, რომელიც სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 25 მაისს დატოვა. შსს-მ ვეფხია ბაქრაძე ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის მიმდინარე წლის 14 აპრილს დააკავა.