ოთარ კახიძე - საგამოძიებო კომისიას აქვს ერთი დასკვნა, არანაირი ალტერნატივა არ არსებობს ბუნებაში და ვერც იარსებებს
ოთარ კახიძე - საგამოძიებო კომისიას აქვს ერთი დასკვნა, არანაირი ალტერნატივა არ არსებობს ბუნებაში და ვერც იარსებებს

საგამოძიებო კომისიას აქვს ერთი დასკვნა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის უმრავლესობამ. არანაირი ალტერნატივა არ არსებობს ბუნებაში და ვერც იარსებებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დროებითი საპარლამენტო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძის განცხადებით, დასკვნის მიხედვით ორი გარემოება დადგინდა.

„პირველი – მკვლელობაზე პროკურატურა და გამოძიება ხელს აფარებდა ერთ-ერთ ფიგურანტს და ეს არის მ.კ. რომელიც ფიგურირებს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში და მეორე – ამ ხელის დაფარების პროცესში იყო ჩართული პროკურატურის და გამოძიების თანამშრომლები. ეს არის ამ დასკვნის მთავარი მიგნებები.

ხელის დაფარება განხორციელდა არა გაურკვეველი პირების მიერ, არამედ ჰყავდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. პროკურატურის თანამშრომლები, საქმის ზედამხედველი პროკურორი, იკვეთება დანაშაულის ნიშნები ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ქმედებებში, სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები პროკურატურის შუა რგოლში, ასევე საქმის მწარმოებელი გამომძიებლის ქმედებებში.

პლენარულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე წარადგენს ანგარიშს, დასკვნა სავალდებულოდ პლენარულ სხდომაზე არ გადის. თუ დადგა ფრაქციის მიერ დასკვნის კენჭისყრის საკითხი, ყველა დეპუტატი საკუთარი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს კენჭისყრას და საკუთარი სინდისით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ კენჭისყრაზე ასევე დააყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ცხრა წინააღმდეგი წავიდა.

არსებული ინფორმაციით, ​საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს მოამზადებს, რომელიც კენჭისყრაზე გავა.