ოთარ კახიძე - როცა მოსამართლეთა სიას ისე წარადგენ, რომ კითხვაც არ გაგიჩნდება, იუსტიციის საბჭოში საქმიანობა აღარ უნდა განაგრძო
ოთარ კახიძე - როცა მოსამართლეთა სიას ისე წარადგენ, რომ კითხვაც არ გაგიჩნდება, იუსტიციის საბჭოში საქმიანობა აღარ უნდა განაგრძო

სასამართლოს კლანი მართავს და ეს დადასტურებული ფაქტია, რის გამოც მივიჩნევთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი – შოთა ქადაგიძე, ლევან გზირიშვილი და ზაზა ხარებავა საბჭოდან გაწვეული უნდა იყვნენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელეს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოქმედებენ, როგორც სასამართლოს მმართველი კლანის მორჩილი ფიგურები. ეს პარლამენტში მოსამართლეთა ათკაციანი სიის გამოგზავნამ დაადასტურა. თუ მოსამართლეთა სიას ისე წარმოადგენ, რომ კითხვაც კი არ გაგიჩნდება, სურვილი არ გაქვს კანდიდატებს გაესაუბრო და მოვალეობას ვერ აცნობიერებ, მაშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქმიანობა აღარ უნდა განაგრძო“, – განაცხადა კახიძემ.

მისივე შეფასებით, საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელსაც ნდობა პარლამენტმა გამოუცხადა, თავის უფლებამოსილებას ჯეროვნად ასრულებს, პროცედურებს იცავს, ემორჩილება კანონს და არა სასამართლოს მმართველ კლანს.

ამასთან, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ დღეს პარლამენტს მოუწოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს – შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს.