შალვა შავგულიძე პარლამენტს მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავას უფლებამოსილება შეუწყვიტოს
შალვა შავგულიძე პარლამენტს მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავას უფლებამოსილება შეუწყვიტოს

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე პარლამენტს მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს – შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს.

„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელეს.

შავგულიძის განცხადებით, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება, რომლებიც პარლამენტის მიერ იყვნენ არჩეული და თავიანთ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებენ.

„ამის ნათელი მაგალითი იყო, არამოსამართლე წევრების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა სია, რომელიც თავად პარლამენტმაც კი ვერ განიხილა, რადგან სია პროცედურებისა და კრიტერიუმების გარეშე იყო წარდგენილი. პარლამენტმა თავისი მოქმედებით აღიარა, რომ ეს უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება იყო. იმის წინაშე ვდგავართ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, სიტუაცია შექმნას, თითქოს შეიმუშავებს კრიტერიუმებს, მაგრამ უკვე პირველი მოსმენით აქვს მიღებული ისეთი კრიტერიუმები, რითაც კანდიდატების შერჩევას სასამართლო სისტემაში გაბატონებული კლანის პრეროგატივად აქცევს. მათთვის სასურველ წევრებს წარადგენენ და უზენაეს სასამართლოში სწორედ ეს კლანი შეავსებს მისთვის სასურველი პირებით ვაკანსიებს“, – განაცხადა შავგულიძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული პირების სამართალი საზოგადოებისთვის მიუღებელია და მათი სამართლის საზოგადოებას არ სჯერა.

დატოვე კომენტარი