ოთარ კახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, უზენაესი სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს დაუქვემდებაროს
ოთარ კახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, უზენაესი სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს დაუქვემდებაროს

„ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისი იქნება.

როგორც კახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას პერსპექტივა უკარგავს, ჰქონდეს კეთილსინდისიერი მართლმსაჯულების სისტემა.

„დღეს განვითარებული მოვლენები მოკლედ რომ აღვწერო, ბიძინა ივანიშვილის დავალებით „ქართულმა ოცნებამ” საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უზენაესი სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს დაუქვემდებაროს. ამით კი, ქართულ საზოგადოებას პერსპექტივა დაუკარგოს, რომ ჩვენ 20-30 წლის მანძილზე მაინც მივიღოთ დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მართლმსაჯულების სისტემა“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ თავის პოლიტიკურ პარტნიორთან, „თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შეუშალოს ხელი ამ განზრახვის სისრულეში მოყვანაში.

„შალვა შავგულიძის ინიციატივით მომზადებული გვაქვს პროექტი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების გამოწვევას ითვალისწინებს, რომლებიც კლანის წევრები არინ. ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობისთანავე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ, რომ აღნიშნული მძიმე ვითარება შეიცვალოს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ერთადერთი გამოსავალი ამ სრულიად არაადეკვატური ხელისუფლების ცვლილებაა მშვიდობიანი არჩევნების გზით“, – განაცხადა კახიძემ.

დეპუტატის თქმით, შემდეგ მართლმსაჯულების რეალური რეფორმა უნდა დაიწყოს, რაც მისი შეფასებით, ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებას, დროებითი ღონისძიების სახით უცხოელი მოსამართლეების მოწვევასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მმართველი გუნდი კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ხვალ ელოდება.