ოთარ კახიძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს წინადადებები საარჩევნო ცვლილებების დასახვეწად
ოთარ კახიძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს წინადადებები საარჩევნო ცვლილებების დასახვეწად

„ევროპული საქართველო“ აფიქსირებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მისაღებია და მხარს დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს წინადადებები ცვლილებების მეტად დახვეწისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საარჩევნო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

ერთ-ერთ ასეთ წინადადებად ოთარ კახიძემ საარჩევნო ბლოკების დაშვება დაასახელა.

„ამის აკრძალვის რაციონალურ მხარეს ჩვენ ვერ ვხედავთ. გარდა ამისა, „ევროპულ საქართველოს“ აქვს წინადადებები, რომლებიც ეხმიანება ეუთო-ს დასკვნას საარჩევნო უბნების ირგვლივ შეკრების შეზღუდვაზე, რათა მოქალაქეებს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან შევიწროების საშუალება არ მიეცეთ. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ამომრჩეველი. კენჭისყრის დღეს კაბინაში მობილური ტელეფონით გადაღებაც უნდა იყოს შეზღუდული. ასევე, სოციალური დახმარების მოხსნის საკითხი არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე და შემდგომ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ მმართველ პარტიას ეს ბერკეტი არ ჰქონდეს, როდესაც ადამიანების სიღარიბეს იყენებენ მათი ნების შესაზღუდად. საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები  გათვალისწინებული უნდა იყოს.

მშვიდობიანი გადაბარებით, დემოკრატიული არჩევნების გზით უზრუნველვყოთ ივანიშვილის გაშვება არჩევნების მეშვეობით, რათა არ იყოს საუბარი და კითხვები არჩევნების ლეგიტიმურობაზე“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ოთარ კახიძე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. თალაკვაძის თქმით, შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას. ასევე  უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი და სხვა.