ოთარ კახიძე - პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების სახელის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია
ოთარ კახიძე - პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების სახელის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია

პოლიტიკური სპეკულაციებისა და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების სახელის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ განუცხადა, რომელიც “გირგვლიანის შესწორებების” თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე დასჯადობა “სისხლის სამართლის კოდექსით” ისედაც დარეგულირებულია.

„ერთადერთი მიზანი, რომელიც “ქართულ ოცნებას” ამოძრავებს, პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელებაა, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანის სახელით”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ინიციატივა „გირგვლიანის შესწორებები“ წარადგინა, რომლის თანახმად, ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში შედის და ასევე, კოდექსს ორი ახალი სპეციალური მუხლი დაემატება.

ფრაქციის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ ინიციატივის თაობაზე დეტალურად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი დღესვე დარეგისტრირდება.