ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ინიციატივა „გირგვლიანის შესწორებები“ წარადგინა
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ინიციატივა „გირგვლიანის შესწორებები“ წარადგინა

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ინიციატივა „გირგვლიანის შესწორებები“ წარადგინა, რომლის თანახმად, ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში შედის და ასევე, კოდექსს ორი ახალი სპეციალური მუხლი დაემატება. ფრაქციის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ ინიციატივის თაობაზე დეტალურად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი დღესვე დარეგისტრირდება.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 29 იანვარს ფრაქციამ განცხადება გააკეთა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებდა, რომელიც მართლმსაჯულების ხელშეუვალობასა და  სახელმწიფო ძალმომრეობისგან მოქალაქეთა დაცულობას ძალიან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფს.

„ამ ინიციატივას სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები” ეწოდა. „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევდა, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულებულიყო სანდროსა და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შექმნილიყო მყარი პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულიყო მაღალი სტანდარტის შეზღუდვები, რათა ვეღარასდროს ვერავის გაებედა მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა. ფრაქციამ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულა და ამ კანონპროექტის ინიცირებას მოვახდენთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ ინიციატივის ფარგლებში მომზადებული ერთ-ერთი მუხლი  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას შეეხება, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.

„წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში  ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას”, – აღნიშნავს მდინარაძე.

კანონმდებლის განმარტებით, პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც მსგავს ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ.

„ამ სახის ცვლილებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება შემსრულებელს დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება. გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი არის გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება. იმედი მაქვს, საქართველო წარსულს აღარასდროს დაუბრუნდება და მომავალში ამ ნორმების გამოყენებაც არ გახდება საჭირო, მაგრამ მათი არსებობა აუცილებელია, რათა ვერც ერთმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარასდროს გაბედოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა ან მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა“, – დასძინა მდინარაძემ.