ოთარ კახიძე - „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბორჯომის საკრებულოს საკითხზე კონსულტაციებს იმისთვის ესწრებოდნენ, რომ შეხვედრა დროზე ადრე დაეტოვებინათ
ოთარ კახიძე - „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბორჯომის საკრებულოს საკითხზე კონსულტაციებს იმისთვის ესწრებოდნენ, რომ შეხვედრა დროზე ადრე დაეტოვებინათ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბორჯომში შექმნილ ვითარებაზე გამართულ კონსულტაციებს მხოლოდ იმისთვის ესწრებოდნენ, რომ შეხვედრა დროზე ადრე დაეტოვებინათ და ჟურნალისტების წინაშე განცხადებები პირველებს გაეკეთებინათ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა, რომელიც სალომე სამადაშვილის შეფასებას გამოეხმაურა, რომ მისი გუნდი ფარსში მონაწილეობას არ მიიღებს.

კახიძის თქმით, კონსულტაციების გამართვა “ევროპულმა საქართველომ” მოითხოვა, რადგან ბორჯომში მიმდინარე პროცესებზე რეაგირება სახელმწიფოებრივი საკითხია.

“პარლამენტმა ბორჯომში განვითარებული პროცესების მკაფიო შეფასება უნდა გააკეთოს, ძალადობა დაგმოს და პოლიციას მოუწოდოს, ინციდენტის გამოსაძიებლად ეფექტური ნაბიჯები გადადგას. ყველა თვითმმართველობამ უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური საკითხების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტის გზა მხოლოდ კანონიერია და არა – ძალადობრივი. ასევე ყველა პოლიციელმა
უნდა იცოდეს, რომ ძალადობას რეაგირება სჭირდება და არ შეიძლება, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩეს. ვერ გეტყვით, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ხელისუფლება რაიმე რეაგირებას მოახდენს, მაგრამ ამაზე რეაგირება სახელმწიფოს ინტერესებშია”, – განაცხადა კახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში დახურული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, სადაც ბორჯომის საკრებულოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობდნენ.

ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება და ხმაური 28 თებერვალს დაიწყო. ბორჯომში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანიც იყვნენ ჩასული. საკრებულომ 28 თებერვალს ორი სხდომა გამართა, პირველ სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური და როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დღის მეორე ნახევარში გამართულ სხდომაზე კი, საკითხი 17 მომხრე ხმით დამტკიცდა. მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ საგანგებოდ ჩატარებული მეორე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო.  ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, გუშინ ბორჯომში აქცია გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი კვირკველიას განცხადებით, ზაზა ჩაჩანიძე ოქმს ხელს არ აწერს და ამით კანონის სრულ იგნორირებას ახდენს.  ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმცირესობაშია.

საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ბორჯომის მერიაში კი, ბოიკოტი გრძელდება, თანამშრომლები დღეს სამსახურში არ გამოცხადდნენ. ისინი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას მოითხოვენ, რომელზეც მათი ხელფასების საკითხი უნდა განიხილონ.