ოთარ კახიძე - მუდმივი საფრთხის ქვეშ ვართ, ვინაიდან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს მიწაზე დგას
ოთარ კახიძე - მუდმივი საფრთხის ქვეშ ვართ, ვინაიდან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს მიწაზე დგას

მუდმივი საფრთხის ქვეშ ვართ, ვინაიდან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დგას ჩვენს მიწაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ გუშინ სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციული ვაკუუმი შექმნა, რაც ქმნის მეტ სივრცეს მითქმა-მოთქმებისთვის.

„გორის მერმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ოკუპანტებს ხშირად ერევათ ტერიტორიები, ანუ მანაც დაადასტურა, რომ შემოსული იყვნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მთავარი პრობლემა, რომელიც დავინახე, იყო ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა, რაც ქმნის მეტ სივრცეს ჭორებისთვის მითქმა-მოთქმისთვის. ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება, რომ მართოს ეს კრიზისი, მათ შორის მედიასაშუალებების ჩართულობით, მივაწოდებდი ამ ინფორმაციას საზოგადოებას რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზიანდეს, მაგრამ აქაც ჩვენ საქმე გვაქვს მართვის მახინჯ ფორმასთან. ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ სახელმწიფოს ხელმძღვანელები, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილს უნდა დაელოდონ როდის როდის გაერკვევა საკითხში“, – განაცხადა კახიძემ.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.