ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქართველოში ყოფნა უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის
ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქართველოში ყოფნა უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის

ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქართველოში ყოფნა, ჩვენთან შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული საკითხი ოფიციალურ დონეზე, ორმხრივი შეხვედრებისას დადგება, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს თემა უნდა განიხილოს და უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებაზე იზრუნოს.

,,ევროპული საქართველო’’ მიიჩნევს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურება სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მთავარი საფრთხე არის რუსეთი, მათგან მომდინარეობს ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ემუქრება. ამის შემაკავებელი ფაქტორი არის სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფაქტორი. ამიტომ არის მისასალმებელი სამხედრო წრთვნები, რომელიც აქ ტარდება, მისასალმებელი არის ამერიკული სამხედრო გემების სტუმრობა. ეს არის შეკავების პოლიტიკა. თუ ამის გაგრძელება იქნება ამერიკული სამხედრო დანაყოფების საქართველოში ყოფნა, ჩვენთან შეთანხმების ფარგლებში, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს. ამიტომ ამგვარი თემები თუ წამოიჭრება ოფიციალურად, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად უნდა განიხილოს სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაც შეიძლება გააღრმაოს ურთიერთობა. ამ ხელისუფლებისგან არ მაქვს მოლოდინი, რომ გაბედულ ნაბიჯებს გადადგამენ აღნიშნული მიმართულებით. მათ საქართველოს პრეზიდენტად აარჩევინეს ქართულ საზოგადოებას ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ რა უნდა ამერიკულ დანაყოფებს საქართველოს ტერიტორიაზეო, ანუ ხელისუფლების პოლიტიკა ამ მხრივ არ არის ჩამოყალიბებული. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ ამგვარი საკითხი დადგება ორმხრივ შეხვედრებზე, აუცილებლად იზრუნონ უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებაზე, მათ შორის ამ თვალსაზრისით”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა. ისინი ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო (SNMCMG2) შენაერთის შემადგენლობაშია. ხომალდები ITS VESUVIO (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი) ბათუმში მას შემდეგ შევიდა, რაც პორტი ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა „პორტერმა“ დატოვა. ნატო-ს ხომალდების საპორტო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებები საქართველოს სანაპირო დაცვის მონაწილეობით.