ოთარ კახიძე - ხელისუფლება თუ არ გამოიყენებს სააღსრულებო მექანიზმებს რუსეთის წარმომადგენლების მიმართ, პროტესტს მიიღებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ, საქართველოში მათი ჩამოსვლის შემთხვევაში, ხელისუფლებამ შესაბამისი სააღსრულებო მექანიზმები უნდა გამოიყენოს.
კახიძის თქმით, ხელისუფლება სააღსრულებო მექანიზმებს თუ არ გამოიყენებს, ამას პროტესტი მოჰყვება.
საუბარია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომლის გამართვაც მაისში თბილისში იგეგმება და მასში მონაწილეობას აპირებს რუსეთის ფედერაციის დელეგაცია.
„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ვიზიტს, მათ თუ აქვთ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, არსებობს შესაბამისი სააღსრულებო მექანიზმები, რომლებიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს და გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთხელ დაამციროს ქართველი ხალხი და შეურაცხყოს ისინი, მიიღებენ შესაბამის პასუხს პროტესტის სახით. ამიტომ ვურჩევ, კარგად ნახოს დელეგაციის შემადგნელობა და ყველა ზომა მიიღოს, რომ ზედმეტად არ დაძაბოს ფონი, არ გააღიზიანოს ის ადამიანები, რომლებიც დგანან ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნის ღირსების სადარაჯოზე“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.
ამასთან, კახიძე ამბობს, რომ არანაირი სანქცია არ მოყვება იმას, თუ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა საქართველოში არ ჩატარდება.
„არანაირი სანქცია არ მოყვება, შეუძლიათ, ნებისმიერი ქვეყანა შეარჩიონ ღონისძიების გასამართად“ ,- აღნიშნა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.