ოთარ კახიძე - ეს რეჟიმი უნდა ჩამოვშალოთ, ივანიშვილი არჩევნების მოპარვას თუ გადაწყვეტს, ასლან აბაშიძის ბედს გაიზიარებს
ოთარ კახიძე - ეს რეჟიმი უნდა ჩამოვშალოთ, ივანიშვილი არჩევნების მოპარვას თუ გადაწყვეტს, ასლან აბაშიძის ბედს გაიზიარებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პატიმარი იყო, რადგან ბრალდებები, ასევე მის მიმართ გამოტანილი განაჩენი მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა.

„მერაბიშვილი იყო ამ რეჟიმის, ივანიშვილის რეჟიმის პატიმარი. ბრალდებები, რომელიც მას წაუყენეს და განაჩენი, რომელიც გამოუტანეს, არ ეფუძნებოდა მტკიცებულებებს, იყო მოუმზადებელი და შეთითხნილი საქმეები. ეს დაადასტურა 2014 წელს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ, ეს დაასაბუთა ასევე 2015 წელს ინტერპოლის გადაწყვეტილებამ და საბოლოოდ, 2016 და მის მომდევნო წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის პატიმრობას უკანონობის ნებით იყენებდნენ ამ რეჟიმის წარმომადგენლები, ფარცხალაძეები და მინისტრთა კაბინეტის წევრები. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის ნებით ხდებოდა და დღემდე ხელს აფარებს ეს რეჟიმი ამ დანაშაულს, არ იძიებს და არ წარადგენს მართლმასჯულების წინაშე შესაბამის პირებს. ვინაიდან, ივანიშვილის რეჟიმისთვის მართლმასჯულება არის პოლიტიკური ოპონენტებისთვის და არის შერჩევითი, ამიტომაა პოლიტიკური დევნა“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ, რომელიც მერაბიშვილის ინტერესებს იცავდა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის შემდგომ პოლიტიკურ გეგმებს, ოთარ კახიძის თქმით, ამის შესახებ თავად მერაბიშვილი ისაუბრებს.

ოთარ კახიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას კლოუნი უწოდა.

„წულუკიანის ადგილას ასეთი შედარებებისგან თავს შევიკავებდი, არ არის ეს მისი ძლიერი მხარე და ამიტომ საპასუხო შედარებებს არ გავაკეთებ. გამორჩეული კლოუნია ივანიშვილის კლოუნებში ქალბატონი წულუკიანი, დაბოღმილი განსაკუთრებით იმის გამო, რომ მერაბიშვილის საქმეები წააგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მურუსიძის განაჩენებით ციხეში გამოკეტეს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მაინც ვერ მოახერხეს მისი გატეხვა ვერც მორალურად, ვერც ფიზიკურად. ნებისმიერ საკითხზე განმარტებებს გააკეთებს თვითონ. ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს უნდა გამოვუტანოთ პოლიტიკური განაჩენი, მოვახდინოთ ამ რეჟიმის დემონტაჟი და ჩამოშლა, ეს არის მნიშვნელოვანი, ამას გააკეთებს ქართველი ხალხი არჩევნების გზით. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ მოპაროს ქართველ ხალხს არჩევნები, მაშინ გაიზიარებს ასლან აბაშიძის ბედს და საბოლოოდ მაგნიცკის სიით დაასრულებს. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი, თუ გონიერება ეყოფა, მან უნდა შეცვალოს საარჩევნო სისტემა და ჩვენ, „ევროპული საქართველო“,  ახლაც მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ გადადგას ნაბიჯი, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს განმუტხატვს. შევეჯიბროთ ერთმანეთს არჩევნებზე, კონკურენტულ გარემოში და ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა და არა ოლიგარქმა, უკანონო მეთოდებით. ეს არ გამოვა, ამიტომ ქართველი ხალხი გამოუტანას განაჩენს ივანიშვილის რეჟიმს, ნებისმიერი სისტემის პირობებში. უბრალოდ, თუ ეს მოხდება ნორმალურ გარემოში, ნორმალურ საარჩევნო სისტემაში, ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან კარგი და ივანიშვილისთვის უკეთესი, რადგან პოლიტიკური მარცხი არ გამოიწვევს ამავე დროს მისი ქონების დაყადაღებას და მაგნიცკის სიაში ადგილის პოვნას“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.