ოთარ კახიძე - აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული
ოთარ კახიძე - აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ცალსახად გაუსვეს ხაზი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თემაზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, კომისიის რეკომენდაცია ეხება „ევროპული საქართველოს“ შემოთავაზებას, რომ სამი კანდიდატი იყოს არჩეული თითო სესიაზე, რაც საშუალებას მისცემს მიმდინარე მოწვევის პარლამენტს, მხოლოდ ცხრა მოსამართლე განაწესოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო სხვა მოსამართლეები – შემდგომი მოწვევის პარლამენტმა, როგორც ეს ასახულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

„ბატონ მურუსიძესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი არ მოსწონთ. ზოგადად, ძალიან ნაწყენები არიან ვენეციის კომისიაზე, არ ელოდნენ ამ რეკომენდაციებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ აღებული აქვს ვალდებულება, რომ ამ რეკომენდაციებს შეასრულებს ყოველგვარი დათქმების გარეშე. ბატონი სპიკერი ამბობს, რომ გუნდის დარწმუნებას შეეცდება. როგორც ჩანს, დარწმუნებული არ ყავდა, როდესაც აიღო ვალდებულება. ამიტომ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს რეკომენდაციები შესრულდება, წაადგება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას. თუ ამ რეკომენდაციებიდან რომელიმეს სხვადასხვა დათქმებით არ გაითვალისწინებენ, საკუთარ თავსაც დააზიანებენ და დააზიანებენ მართლმსაჯულების სისტემასაც. უბრალოდ, ამით საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს „ქართული ოცნების“ ნამდვილ რეალურ სახეს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს დღეს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.