ოთარ გაბელია - „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ხალხი დიდხანს დარჩა და ტაშს გვიკრავდა [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ გაბელიას დღეს 70 წელი შეუსრულდა. ლეგენდარული მეკარე „დინამოს“ ღირსებას 10 წლის მანძილზე იცავდა (1977-1982, 1985-1989 წლებში) და გუნდის დიდ წარმატებებში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.
როგორც თავად ამბობს, კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი „ლივერპულთან“ დაპირისპირება იყო. თბილისის „დინამო“ მერსისაიდელებს 1979 წელს ჩემპიონთა თასზე შეხვდა. პირველი მატჩი ლივერპულში მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, მეორეში „დინამომ“ 3:0 გაიმარჯვა.
„ტრადიციულად, მოსკოვიდან გავფრინდით. მანამდე რუსები გვეუბნებოდნენ, თქვენი მთავარი ამოცანა ისაა, როგორმე დიდი ანგარიშით არ წააგოთო. „ლივერპული“ მაშინ დიდებული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მთელი ბრიტანეთის ნაკრები,“ – ამბობს ოთარ გაბელია.
ვეტერანმა მეკარემ 1979 წელს, „ლივერპულთან“ გასვლაზე ჩატარებული შეხვედრის უცნობი პერიპეტიები გაიხსენა:
„გასვლაზე რთული მატჩი გვქონდა. „ლივერპულთან“ პირველ მატჩში საინტერესო ამბები მოხდა. მაღალი გადაცემა წამოვიდა, „მეორე სართულზე“ ბრძოლა კი დალგლიშს უყვარდა, რომელსაც ლივერპულში მაშინ ძალიან აფასებდნენ. ბურთის ასაღებად გამოვედი და ხელი ჩავარტყი – ცოტა უხეშად კი მომივიდა. იქ ხომ ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა, დალგლიშს როგორ ეუხეშაო და ჩემსკენ „კოკა-კოლას“ ბოთლები წამოვიდა“.
როგორც მოგახსენეთ, განმეორებითი მატჩი „დინამომ“ 3:0 მოიგო:
„თბილისური მატჩისთვის ნოდარ ახალკაცმა მაგრად მოგვამზადა. მსოფლიო დონის გუნდს ვხდებოდით, რომელმაც მანამდე ჩემპიონთა თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო – სხვათა შორის, ჩვენთან წაგებიდან ერთი წლის შემდე ეს მესამედაც მოახერხა. ჩვენ კი ევროპისთვის უცნობი გუნდი ვიყავით. ბიჭები კარამდე ბურთს არ უშვებდნენ და მიხაროდა, შორიდან რომ ვუყურებდი – დიდ გუნდს ამარცხებდნენ. საბოლოოდ, 3:0 მოვიგეთ. იმ დღეს კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ამის მიუხედავად, ხალხი თამაშის შემდეგ დიდხანს დარჩა და ტაშს გვიკრავდა. გუნდი ასეთი თამაშებითა და მოგებებით გაიზარდა“.