საფეხბურთო ტაიმაუტი | მამარდაშვილი სხვა კლუბში უნდა წავიდეს - ვეტერანმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრების მეკარეზე ისაუბრეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | მამარდაშვილი სხვა კლუბში უნდა წავიდეს - ვეტერანმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრების მეკარეზე ისაუბრეს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართული ფეხბურთის ვეტერანებმა საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრეს.

ოთარ გაბელია:  გიორგი მამარდაშვილი მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბდა. „ვალენსიაში“ მას ტყუილად არავინ აიყვანდა. კარში ასეთი მეკარე რომ დგას, ეს ბევრს ნიშნავს – მისი დამაჯერებელი თამაში მცველებზეც დადებითად მოქმედებს.

რაც შეეხება გიორგის მომავალს, ვრცელდება ინფორმაციები, რომ ბევრი კლუბი ეპატიჟება. თუმცა, ვფიქრობ, რომ „ვალენსიაში“ კიდევ ერთი სეზონი მაინც უნდა დარჩეს, მაგრამ საბოლოო არჩევანი მისი გასაკეთებელია“.

ვლადიმერ გუცაევი: „მე კი მიმაჩნია, რომ გიორგი „ვალენსიიდან“ უნდა წავიდეს. ის უკვე მაღალი დონის მეკარეა და მაგარ გუნდში უნდა მოხვდეს“.

მალხაზ მახარაძე: „ვეთანხმები ბატონ ვოვას, რომ მამარდაშვილი „ვალენსიიდან“ უნდა წავიდეს, რადგან მისი გუნდი ახლა, ფაქტობრივად, არაფრისთვის აღარ იბრძვის – ევროტურნირებზე მოხვედრა გაუჭირდება, ლა ლიგაში ადგილი კი თითქმის შენარჩუნებული აქვს. გიორგის თუ ექნება რეალური წინადადება, უკეთეს გუნდში უნდა გადავიდეს. ის უკვე ჩამოყალიბებული მეკარეა და დასანანი იქნება, „ვალენსიაში“ რომ გაჩერდეს“.

გია ფირცხალავა: „მეც ასე ვთვლი. ალბათ, შეთავაზებებიც ექნება და იმის მიხედვით აირჩევს სასურველ გუნდს, სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება. ძალიან დამაჯერებლად თამაშობს და ღირსეული მეკარეა, ამასთან, ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია“.