ოთარ გაბელია - ჩემი პროგნოზი გამართლდა, ყაზახებს დამსახურებულად მოვუგეთ
ვთქვი, რომ ყაზახეთთან 2:0-ს ან 2:1-ს მოვიგებდით და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ მართლაც 2:0 დასრულდა. არც წინასწარმეტყველი ვარ და არც ექსტრასენსი, მაგრამ ფეხბურთში გავჭაღარავდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდით, – განაცხადა პირველ არხთან ყაზახეთი-საქართველოს შეხვედრის შემდეგ ოთარ გაბელიამ.
„დინამოს“ ყოფილი მეკარე შედეგს ლოგიკურად მიიჩნევს.
„ყაზახების პლუსების განეიტრალებით მოგება რეალური იყო. მათი პლუსი კი ათლეტიზმი იყო. ჩვენ ამაშიც არაფერი დავუთმეთ და საკუთარი პლუსები გამოვავლინეთ – საქართველო ბევრად უფრო აზრიანად ათამაშდა, ხოლო შეხვედრის ბედი მართლა ინდივიდუალურმა ოსტატობამ და თამაშის სწორმა ორგანიზებამ გადაწყვიტა. ინდივიდუალურად კი ჩაკვეტაძემ და ყაზაიშვილმა ივარგეს და საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭეს“, – განაცხადა ოთარ გაბელიამ.
თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა მეკარემ ყაზახეთი-საქართველოს შეხვედრის ანგარიში წინასწარ პირველ არხთან კომენტარში დააფიქსირა. „მჯერა, რომ 2:0-ს ან 2:1-ს მოვიგებთ“- ამბობდა გაბელია.
ერთა თასის პირველ შეხვედრაში დღეს საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთს ორბურთიანი უპირატესობით მოუგო.