საფეხბურთო ტაიმაუტი | ლეგენდარული ფეხბურთელების პროგნოზი - გაბელია იტალიას გულშემატკივრობს, გუცაევს კი მიაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონი ინგლისი გახდება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლეგენდარული ფეხბურთელების პროგნოზი - გაბელია იტალიას გულშემატკივრობს, გუცაევს კი მიაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონი ინგლისი გახდება #1TVSPORT

გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტს“ ოთარ გაბელია სტუმრობდა. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა მეკარემ ევროპის ჩემიონატის ნახევარფინალური მატჩები შეაფასა და ფინალში ინგლისის-იტალიის დაპირისპირებაზე პროგნოზი გააკეთა.

„როცა ჩემპიონატი დაიწყო ჩემთვის ოთხი გუნდი იყო ფავორიტი – იტალია, საფრანგეთი, ბელგია და გერმანიის ნაკრები. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია და სწორედ ამიტომ არის სპორტის ძალიან ლამაზი სახეობა.  ინგლისის ნაკრებმა გამაკვირვა. ყველა მომდევნო თამაშზე უმატებს. ვფიქრობ, რომ ინგლისი ფინალში კანონზომიერად მოხვდა. გუშინ დანიამ დიდი ბრძოლა გაუმართა და მატჩის დაწყებამდეც ვიცოდი, რომ ინგლისი იოლად ვერ მოიგებდა.

მთელი ცხოვრება იტალიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ. ფინალზე წინასწარ ლაპარაკი რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, იტალიის ნაკრებმა უნდა მოიგოს. ესპანეთთან გაუჭირდა იტალიას, რადგან ბურთის ფლობაში ესპანეთს ბადალი არ ჰყავს. ინგლისის ნაკრებს იტალიასთან ერთი პლუსი აქვს, რომ სახლში თამაშობს“.

„საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თაობის წარმომადგენელმა, ვლადიმერ გუცაევმა აღნიშნა, რომ იტალიის ნაკრების კარგი თამაშის მიუხედავად, ინგლისი მსოფლიო დონის ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული და ეს უპირატესობა ფინალის მოგებაში დაეხმარება.

ვლადიმერ გუცაევი: „ევროპის ჩემპიონი უნდა იყოს გამორჩეული გუნდი. როცა 2004-ში საბერძნეთი გახდა ჩემპიონი, ჩემთვის საერთოდ არ იყო გამორჩეული ნაკრები, არც პორტუგალია, რონალდოსა და სხვა ფეხბურთელების მიუხედავად. ინგლისი კი ამ ჩემპიონატში ნამდვილად არის გამორჩეული გუნდი, იმიტომ რომ ჰყავს ძალიან მაგარი ფეხბურთელები. იტალიის ნაკრებში, როცა შეცვლაზე ფეხბურთელბი შემოდიან, ეს მათი თამაშის გაძლიერებაზე არ აისახება. ინგლისის ნაკრები კი ცვლილებების დროს უფრო ძლიერი და მონოლითური გუნდი ხდება“.

დატოვე კომენტარი