საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში თბილისის „იბერიასთან“ მოგებულ (3:1) შეხვედრაზე გორის „დილას“ ნახევარმცველმა, ოთარ ფარულავამ ისაუბრა. გორელების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯერ პენალტი მოიპოვა (რომელიც 62-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიყენა), 79-ე წუთზე კი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.
„მოვიგეთ და, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. პირველი ტაიმი დაძაბული იყო, თამაშის ხარისხზე სიცხემაც უარყოფითად იმოქმედა. მეორე ტაიმში თამაშიც გავაუმჯობესეთ და, ჩემი აზრით, მოგება დავიმსახურეთ.
ტრავმის შემდეგ რთული პერიოდი გავიარე, თითქმის ერთი წელი გამიცდა. ახლა უკვე თავს კარგად ვგრძნობ და თანდათან ფორმაშიც შევდივარ.
ახალი მწვრთნელი დიეგო ლონგო ძალიან კარგი სპეციალისტია, მის სათამაშო სტილსაც ადვილად შევეგუეთ და გუნდიც კარგ ფორმაშია. რაც შეეხება ევროტურნირებზე მოახლოებულ შეხვედრებს, ყველა ქართულ გუნდს წარმატებას ვუსურვებთ და ამ მატჩებს მოუთმენლად ველოდები“.