ოთარ დანელია - სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც ასეთი, მსჯელობა არ ყოფილა, საუბარი იყო სტატისტიკურ მონაცემებზე 
ოთარ დანელია - სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც ასეთი, მსჯელობა არ ყოფილა, საუბარი იყო სტატისტიკურ მონაცემებზე 

უმრავლესობის შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ოთარ დანელიამ, „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, საუბარი იყო სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც ახალი კვლევის შედეგად გამოქვეყნდა.

„პირველ რიგში, საუბარი იყო სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც გამოქვეყნდა. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც ასეთი, მსჯელობა არ ყოფილა“, – განაცხადა დანელიამ.

დეპუტატმა თავი შეიკავა პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან, რამდენად საჭიროა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ეს იყო შიდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე გარეთ საუბარი არ არის სწორი. ამიტომ, თქვენის ნებართვით, მე თავს შევიკავებ ჩემი პოზიციისგან, მაგრამ უახლოეს მომავალში, აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დღის განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებების საკითხს განიხილავდნენ.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად,  საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.  ამასთან, კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსახლეობის 82%-ია ჩართული. მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ და ფიქრობს, რომ არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს. ასევე, UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ.  2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 771.9 ლარი შეადგინა.