ოთარ ანგურიძე - ეკონომიკური ზრდის ტენდენცია პოზიტიურია
ოთარ ანგურიძე - ეკონომიკური ზრდის ტენდენცია პოზიტიურია

ტენდენცია, რაც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ფიქსირდება, არის პოზიტიური, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადად ზრდა დაფიქსირდა საფინანსო სექტორზე, ვაჭრობაზე, ტრანსპორტზე, უძრავი ქონებით ოპერაციების და სასტუმროებისა და რესტორნების დარგში.

„მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოში გაზრდილია ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა, რაც 4 387-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს აღემატება 21,1%-ით. გაზრდილია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელმაც შეადგინა 6,1 მლრდ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს აღემატება 8,8%-ით. ასევე გაზრდილია საბანკო სექტორის მთლიანი გამოშვება, ამ მაჩვენებელმა აგვისტოს თვეში შეადგინა 162,1 მლნ ლარი,“ – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის რვა თვის საშუალო მაჩვენებელმა 4,8%-მა შეადგინა.