„ოსკარის“ დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია დაიწყო
„ოსკარის“ დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია დაიწყო

„ოსკარის“ დაჯილდოების რიგით 90-ე საიუბილეო ცერემონია დაიწყო.

შოუს ჯიმი კიმელი უძღვება. კიმელმა ცერემონია მონოლოგით დაიწყო და ტრადიციულად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე და სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ მამაკაცებზე იხუმრა.

შესავალი სიტყვის ბოლოს კიმელმა Shape of Water-ის რეჟისორს, გილერმო დელ ტოროს, მადლობა გადაუხადა.

„გილერმო დელ ტოროს წყალობით, ჩვენ სამუდამოდ გვემახსოვრება ეს პერიოდი ისეთ წელიწადად, როცა მამაკაცები იმდენად სამარცხვინოები იყვნენ, რომ ქალმა რომანტიკული ურთიერთობა თევზთან გააბა“, – აღნიშნა ჯიმი კიმელმა.

ოსკარის საზეიმო ცერემონია ოთხ საათს გასტანს და სხვადასხვა პერფორმანსითა და მუსიკალური ნომრით იქნება დატვირთული.

ცერემონიაზე უკვე გაიცა პირველი ოქროს ქანდაკებაც. მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციის გამარჯვებული გახდა სემ როკველი Three Billboards Outside Ebbing, Missouri-ში შესრულებული როლისთვის.

დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, კინოვარსკვლავებმა, ტრადიციულად, წითელ ხალიჩაზე გაიარეს.