ორი წლის ანიტა ფაცაციას დედა - ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის
ორი წლის ანიტა ფაცაციას დედა - ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის

ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო, – ამის შესახებ ორი წლის ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ანიტა უკვე ინდოეთის კლინიკაშია. როგორც ბავშვის დედა წერს, ფრენამ წარმატებით ჩაიარა.

„ჩემი ჩიტი თბილ ქვეყნებში ჩამოფრინდა, როგორც უკვე იცით. ფრენამ ჩაიარა იდეალურად. მთელი გზა ეძინა, მე კი მის მონაცემებს ეკრანზე მივშტერებოდი. ყველაფერი იმდენად კარგად იყო მთელი გზის მანძილზე, რომ ექიმებს ყურსასმენები ეკეთათ და პლანშტებში ფილმებს უყურებდნენ. ფრენის ბოლო ნახევარი საათი გაიღვიძა და გამოაცხადა: „მე ბაჭია ვარო“. კიდევ ბევრი მეჭორავა და ცოტა იცინა კიდეც. დავეშვით მშვიდობით. ეს ყველაფერი კი ზუსტად ვიცი თქვენი დამსახურებაა. მადლობა ყველას!!!

ჩემი გოგო ინტენსიურში დააწვინეს და მარტო ერთხელ მომცეს ნახვის უფლება. ჯერჯერობით, ძილის რეჟიმზე ჰყავთ, მაგრამ რომ გაიღვიძოს და მე არ დავხვდე არ ვიცი, რას იფიქრებს. პატარაა და ძალიან შეეშინდება. დარწმუნებული ვარ, ეგონება, რომ დედამ მიატოვა. ხვალ გადაწყდება საკითხი პალატაში გადმოიყვანენ თუ ინტენსიურში დარჩება. ღმერთს ვთხოვ, ხვალ უკვე ჩვენთან იყოს, პალატაში.

მიუხედავად ამისა, ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო! დღეს მამამისს ვუთხარი, რომ იმდენად ძლიერი შვილი გვყავს, მგონი, ვერ ვართმევთ თავს მის მშობლობას, რადგან ჩვენ ხშირად ვეცემით, ანიტა კი არასოდეს, არც ერთი წამით არ დანებებულა. მან დაამტკიცა, რომ სიცოცხლე ძალიან, ძალიან ტკბილია და ნებისმიერ ფასად უნდა ვიბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად“, – წერს სოციალურ ქსელში ორი წლის ანიტას დედა მარიკო სადრაძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა ანიტა ფაციაციასთვის ოპერაციის გაკეთებას დათანხმდა.

ორი წლის ანიტა ფაცაციას გულზე აქვს უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია.