ოქრიაშვილმა გამარჯვება ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა - ბათუმშივე გვინდოდა, ჩვენი გულშემატკივარი გაგვეხარებინა [ვიდეო] #1TVSPORT
ოქრიაშვილმა გამარჯვება ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა - ბათუმშივე გვინდოდა, ჩვენი გულშემატკივარი გაგვეხარებინა [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც კოსოვოსთან მოგებულ (2:1) შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა, გამარჯვება ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას მიუძღვნა. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების შემტევმა პრიშტინაში დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მინდა ბათუმში მომხდარი ტრაგედიით დავიწყო. თითოეულ ქართველს რთული დღეები ჰქონდა და ჩვენ ბათუმშივე გვინდოდა, ჩვენი გულშემატკივარი გაგვეხარებინა. არ გამოგვივიდა. დღევანდელ მატჩში ჩვენი მთელი ფიქრი იმისკენ იყო მიმართული, რომ ქართველი გულშემატკივარი გაგვეხარებინა“, – ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.

საქართველოს ნაკრებისა და „აპოელისშემტევმა კომენტარი ამ მოგების მნიშვნელობაზეც გააკეთა:

„რაც შეეხება მოგებას და მოპოვებულ სამ ქულას, ძალიან ბედნიერები ვართ. ამას ძალიან დიდი ხანი ველოდით – ჩემი აზრით, ეს დავიმსახურეთ და რა თქმა უნდა, მოგებები წინ არის“.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. ბოლოს ჩვენმა გუნდმა 2012 წლის 8 სექტემბერს ბელარუსი 1:0 სწორედ ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა.

თორნიკემა საქართველოს ნაკრების მაისურით მე-13 გოლი გაიტანა, რაც მოქმედ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია და ნაკრების ბომბარდირებში მეოთხე ადგილზე აინაცვლა.