ონტარიოს პრემიერი – ტრამპს როცა სურს, წაგვართვას და ავნოს ჩვენს ქვეყანას, ვალდებული ვარ, მოსახლეობაზე ვიზრუნო, მოდით, დისკუსიას დავუბრუნდეთ, ვნახოთ, მზად არიან თუ არა შეთანხმების დასადებად
კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა განაცხადა, რომ შეცვალა ტონი და ახლა პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის დახმარებას ცდილობს სავაჭრო მოლაპარაკებების განახლებაში.
ფორდმა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამ განაპირობა რიტორიკაში ასეთი მოულოდნელი ცვლილება, ფორმდამა უპასუხა, რომ დაძაბულობა ორმხრივი იყო და ახლა, როცა მდგომარეობა „დამშვიდდა“, დროა, მხარეები კვლავ მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა საუბარი, მაგრამ კარნის მხრიდან ამის პირდაპირი მოთხოვნა არ ყოფილა.
„დონალდ ტრამპს როცა სურს, წაგვართვას და ავნოს ჩვენს ქვეყანასაც და პროვინციასაც, მე ვალდებული ვარ, ვიზრუნო ონტარიოს მოსახლეობაზე. ყველანაირად ვიბრძოლებ, რომ ისინი დავიცვა. მას არ აინტერესებს, დაკარგავენ თუ არა ადამიანები სამსახურს, შეძლებენ თუ არა კვებას, გადაიხდიან თუ არა ქირის ან იპოთეკური სესხის დანამატს, მას არაფერი ადარდებს. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებ და ვიფიქრე, რომ უმჯობესი იქნებოდა ცოტა დამშვიდებულიყავით – ორივესთვის საშინელი დღე იყო, გამუდმებით ვკამათობდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დამშვიდდა. ასე რომ, მოდით, დისკუსიას დავუბრუნდეთ. სწორედ ეს ხდება, როდესაც პრეზიდენტი ტრამპის მსგავსი ადამიანი გესხმის თავს. ვნახოთ, მზად არიან თუ არა შეთანხმების დასადებად, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანი ორივე ქვეყნისთვის სამართლიანი შეთანხმებაა“, – აღნიშნა კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ტრამპს არჩევანი აქვს სამართლიანად მოეპყროს კანადას ან ალტერნატიულად ეძებოს რესურსები რუსეთისა და ჩინეთის ბაზრებზე, სადაც, მისი განცხადებით, ეს ქვეყნები ბაზარს აკონტროლებენ.
ცნობისთვის, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გასულ კვირას ჩაიშალა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.